ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე პროფესორ რამაზ სურმანიძის კაბინეტი დაარბიეს
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე პროფესორ რამაზ სურმანიძის კაბინეტი დაარბიეს. შენობაში სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის, ექიმთა საზოგადოებისა და ჩოხოსანთა კავშირის ოფისებია განთავსებული. ოფისიდან წაღებული არაფერია.
პროფესორი რამაზ სურმანიძე ამბობს, რომ დღეს კაბინეტი მთლიანად არეული, მაგიდაზე კი, წერილი დახვდა.
„ყველა კარი და ფანჯარა დაკეტილი დავტოვე. დილით რომ მოვედი, საშინელი სიტუაცია დამხვდა, კაბინეტი იყო დარბეული. ყველა დოკუმენტი იატაკზე ეყარა, მაგიდიდან გადაეგდოთ და გაეტეხათ კომპიუტერი. წერილი დამხვდა, რომელშიც მწერდნენ, რომ ქარი ამოვარდა, ფანჯრები გააღო, ყველაფერი ქარმა აურია და არ დამეწყო დამნაშავის ძებნა, რადგან ცილისწამება ხუთწლიანი პატიმრობით ისჯება”, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბარში პროფესორმა.
რამაზ სურმანიძე ვერ ხსნის, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული კაბინეტის დარბევით.
„პირადი მტრები არ მყავს, არც რამე ღირებული იყო კაბინეტში. ვერ გეტყვით ვერაფერს, რას ემსახურებოდა ეს. იმის ვარაუდიც მიჭირს, რომ ეს უკავშირდება ამ შენობაში განთავსებულ ორგანიზაციებს, ან ექიმთა კავშირს, რომელსაც ვხელმძღვანელობ”, – ამბობს სურმანიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო.