ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მიწისძვრის შედეგად, სახლს ახალი ბზარები გაუჩნდა, მერიის წარმომადგენლის თქმით, ოჯახებს ალტერნატიულ ფართში გადაიყვანენ
ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მიწისძვრის შედეგად, სახლს ახალი ბზარები გაუჩნდა, მერიის წარმომადგენლის თქმით, ოჯახებს ალტერნატიულ ფართში გადაიყვანენ

მიწისძვრის შემდეგ, ბათუმში, მაიაკოვსკის N 55-ში მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლებმა შენობა  დატოვეს. მათი თქმით, წლებია, ავარიულ სახლში ცხოვრობენ, დღეს კი, მიწისძვრის გამო, ბზარების რაოდენობა გაიზარდა.

სახლის ბინადრები უსაფრთხო ადგილზე გაყვანას ითხოვენ. მათივე თქმით, არაერთი აქციაც გამართეს, თუმცა უშედეგოდ.

სახლის მცხოვრებლებს ბათუმის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. მუნიციპალური სერვისების სამსახურის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ოჯახებს ალერნატიულ ფართში დღესვე გადაიყვანენ. ირაკლი დევაძის თქმით, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი შენდება, თუმცა მშენებელმა კომპანიამ მასზე დაკისრებული მოვალეობა ბოლომდე არ შეასრულა და მიდის სამართლებრივი დავა.