ბათუმში, ბარბარეს ეკლესიასთან არსებულ ლონდონის სკვერში წითელი სატელეფონო ჯიხური მოქალაქეებს დაზიანებული დახვდათ. უცნობმა პირებმა სიმბოლურ ჯიხურში ტელეფონს ყურმილი მოგლიჯეს.
ობიექტი განსაკუთრებული პოპულარობით ტურისტებში სარგებლობს. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსის ალეკო თევზაძის განცხადებით, ჯიხური ადრეც სამჯერ დააზიანეს.
„ჯიხური უკვე სამჯერ შევაკეთეთ, ვინ დააზიანა, ამ დრომდე ვერ გავიგეთ, ახლომახლო კამერები არ არის, ყურმილი საკმაოდ იშვიათი დეტალია და დიდი ძალისხმევა გვჭირდება მის შესაკეთებლად“, – განაცხადა ალეკო თევზაძემ პირველ არხთან საუბრისას.
სატელეფონო ჯიხური 2014 წელს ოფიციალურად საქართველოში დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა გახსნა. ლონდონური ჯიხური ბათუმში ლონდონის კვირეულის ფარგლებში დადგეს, როგორც ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლო. მას პრაქტიკული დანიშნულება არ ჰქონია.