ბათუმში „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ბათუმში „კოვიდ-19“ -ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ჩატარდა.
სესიების მიზანი იყო ადგილობრივი თემის ლიდერებისთვის ეროვნული იმუნიზაციის პროგრამებისა და „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება.
კერძოდ, განიხილეს საქართველოში იმუნიზაციის ძირითადი ტენდენციები და ვაქცინების მეშვეობით პრევენცირებად დაავადებებთან დაკავშირებული ვითარება; „კოვიდ-19“- საქართველოში და მასთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები; იმუნიზაციის მნიშვნელობა და „კოვიდ-19“-ის გართულებები ბავშვებში; გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია.
ამასთან, შეხვედრას ესწრებოდა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.
„გაერო-ს ბავშვთა ფონდს აჭარის რელიგიურ ლიდერებთან მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს, ხოლო მათი მხარდაჭერა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.
შეხვედრას ასევე დაესწრო 50-მდე მუსლიმი, იმამი და თეოლოგი, ასევე დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე. სესიას გაუძღვნენ ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.
სესიის დასრულების შემდეგ, რელიგიური ლიდერები მიიწვიეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად ადგილობრივ კლინიკაში.
აჭარაში ვიზიტის ფარგლებში მსგავსი საინფორმაციო სესია ასევე მოეწყო კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან.