ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მაშველები სავარაუდოდ კიდევ სამ ადამიანს ეძებენ
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მაშველები სავარაუდოდ კიდევ სამ ადამიანს ეძებენ

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მაშველები სავარაუდოდ კიდევ სამ ადამიანს ეძებენ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სამწუხაროდ, ხუთი გარდაცვლილი ადამიანია ნანახი გუშინდელი ჩემი კომენტარის შემდეგ. გადასვენებული არიან პროზექტურაში. ჩვენი ინფორმაციით, რაც ვიმუშავეთ და თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვეძებთ სამ ადამიანს. წესით მეტი არავინ უნდა იყოს, ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით.

რაც შეეხება პასუხისგებაში მიცემას, იცით, რომ სამი ადამიანი მივეცით პასუხისგებაში. ბინის მეპატრონე და ორი ადამიანი, რომლებიც აწარმოებდნენ პირველ სართულზე სავარაუდოდ სამუშაოებს. ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით. სასამართლო დაადგენს, მათი ბრალეულობა იყო, თუ რამე სხვამ გამოიწვია ნგრევა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, გაიზარდოს დაკავებულ პირთა რიცხვი, გომელაურმა აღნიშნა, რომ შეიძლება, გაიზარდოს, შეიძლება არა.

ნანგრევებიდან მაშველების მიერ ამოყვანილი ორი მოქალაქე საავადმყოფოში რჩება. ამასთან, ნანგრევებში მაშველების მიერ ნანახი იყო ხუთი ცხედარი.

შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.