ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ კლინიკა „მედცენტრში“ განაცხადეს.
კლინიკის დირექტორ მედეა ქაჯაიას თქმით, პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში დარჩება, რადგან მდგომარეობა საყურადღებოა.
„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისევ ინტენსიურ განყოფილებაში რჩება. ალბათ რამდენიმე დღის განმავლობაში გავაჩერებთ იქ. ბევრი მაჩვენებელი ნორმაშია, მაგრამ მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მედეა ქაჯაიამ.
37 წლის ზვიად თავდგირიძე გუშინ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს დაახლოებით 12:00 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.