ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლამდე ქალის დაინფიცირების წყარო და კონტაქტები ჯერ დადგენილი არ არის
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლამდე ქალის დაინფიცირების წყარო და კონტაქტები ჯერ დადგენილი არ არის

ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა 60 წლამდე ქალს, რომლის ინფიცირების წყარო და კონტაქტები უცნობია, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

როგორც ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, ეს არის ბათუმში დაუდგენელი ინფექციის წყაროდან შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა.

„ინფიცირებული ცხელების ცენტრამდე, სხვა კლინიკაში მუცლის ტკივილითა და დიარეით მივიდა. ემერჯენსის განყოფილებაში არის საგანგებო სიტუაცია და მედპერსონალი იყო ეკიპირებული, მაგრამ კლინიკის ხუთი თანამშრომელი კარანტინში, ორი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფიცირებული იმყოფებოდა ასევე ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში. ბუნებრივია, არ დავასახელებ, რადგან იქ მიმდინარეობს კონტაქტების იდენტიფიკაცია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებულს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის არ არის მძიმე. ამჟამად ბათუმში კლინიკაში რჩება 10 ინფიცირებული.