ბათუმში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა შესაძლოა, კლინიკა დღეს დატოვოს
ბათუმში კლინიკა „მედალფადან“, შესაძლოა, დღეს ახალი კორონავირუსისგან პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწეროს. პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია, დღეს მეორე ტესტსაც ჩაუტარებენ და იგივე შედეგის შემთხვევაში, პაციენტს კლინიკიდან გაწერენ.
ამჟამად აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში რვა ინფიცირებულია, ვირუსი არ დაუდასტურდა მეცხრე პაციენტს, რომელიც გუშინ საავადმყოფოდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
„მედალფას“ მენეჯერის, ლევან ანთაძის განცხადებით, გარკვეული გაუმჯობესება დაეტყო მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტსაც, რომელიც მართვით სუნთქვაზეა.
„არის გარკვეული იმედისმომცემი ცვლილებები, ჩვენი ექიმები ამერიკელ ექიმებთან ერთად გეგმავენ შემდგომ ღონისძიებებს“, -განაცხადა ლევან ანთაძემ.
ასევე სტაბილურია ინფიცირებული მედდის მდგომარეობაც. ამასთან, როგორც კლინიკაში ამბობენ, შედარებით უკეთ გრძნობს თავს ის ოთხი პაციენტიც, რომელთაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ.