ბათუმში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ბათუმში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, გიორგი კიკაბიძემ აღნიშნა, ინფიცირებულია 27 წლის მამაკაცი და 37 წლის ქალბატონი.

„ახალგაზრდა მამაკაცს 24 ივნისს ყაზახეთში დაუდასტურდა ვირუსი, რამდენიმე დღეში მან გაიკეთა განმეორებითი სწრაფი ტესტი, რამაც ინფიცირება არ დაადასტურა, ამიტომ მას სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს. ახალგაზრდა მამაკაცმა გამოიჩინა დიდი პასუხისმგებლობა, საზღვარზევე განაცხადა თავისი ისტორიის შესახებ და მას დამატებით „პისიარ“ ტესტი უკვე საქართველოში ჩაუტარდა, რის შემდეგაც ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ის მოთავსებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა არის ძალიან მსუბუქი და თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.

რაც შეეხება 37 წლის ქალს, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომელია.

„მედპერსონალს მოგეხსენებათ, უტარდებათ გეგმური ტესტები, ამ ქალბატონს რამდენჯერმე ჰქონდა შემოწმება გავლილი, თუმცა ბოლო შემთხვევის დროს, ტესტის პასუხი აღმოჩნდა დადებითი. ზუსტად ვისგან დაინფიცირდა, ამას ეპიდემიოლოგები განმარტავენ. მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მისი კონტაქტი დადგენილია და ყველა გადასულია თვითიზოლაციაში“, – აცხადებს გიორგი კიკაბიძე.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ხუთს მიაღწია. ხუთივე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია და ყველა მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მსუბუქი.