ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ კარანტინში მყოფ მამაკაცს დაუდასტურდა, რომელსაც იზოლაციის ვადა ეწურებოდა და საკონტროლო ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
შემთხვევა იმპორტირებულია. ინფიცირებული პირი უცხოეთიდან დაბრუნდა.
დღეს დადასტურებული შემთხვევის ჩათვლით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტებში პროცესი პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გარდა ერთი შემთხვევისა. სამინისტროს ცნობით, ერთ პაციენტს აღენიშნება მწვავე პნევმონია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 922-ს შეადგენს.