ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტიდან 17-ს პნევმონია აღენიშნება, ინფიცირებული მედდა კი გამოჯანმრთელების სტადიაშია
ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტიდან 17-ს პნევმონია აღენიშნება, ინფიცირებული მედდა კი გამოჯანმრთელების სტადიაშია

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 25 ინფიცირებულიდან 17-ს აღენიშნება პნევმონია, თუმცა მათი მდგომარეობა არ არის კრიტიკული და ფასდება, როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკა „მედალფას“ მენეჯერმა ლევან ანთაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ორი პაციენტი გამოჯანმრთელების სტადიაშია, თუმცა როდის გაეწერებიან კლინიკიდან, ამას მედიკოსთა კონსოლიუმი გადაწყვეტს. ორივე მათგანის ტესტის პასუხი უარყოფითია. ერთ-ერთი არის მედდა, რომელიც პაციენტთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, გამოჯანმრთელების სიმპტომები აღენიშნება ასევე ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ 70 წლის მამაკაცსაც, რომელთან კონტაქტის შედეგადაც დაინფიცირდა მედდა, თუმცა პაციენტი ისევ მართვით სუნთქვაზე რჩება.

დღეს კლინიკაში ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ორი ინფიცირებული შეიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი ქობულეთის კლინიკის მედდაა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.