ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა
ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა. ფესტივალი წელს მეთერთმეტედ იმართება.

ფესტივალის გახსნის საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგნენ ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლები სანდრო ნებიერიძე და დავით შამანაური. საფესტივალო ორკესტრს „ვირტუოზები საქართველოდან“ ვახტანგ მაჭავარიანი დირიჟორობდა.

ბათუმში ფესტივალის კიდევ რამდენიმე კონცერტი გაიმართება, შემდეგ კი ფესტივალი თბილისში გაგრძელდება და 4 სექტემბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაიხურება.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინეს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა, 18 წლის შემდეგ, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი. „ღამის სერენადების“ უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. მეორე წელია ლიანა ისაკაძესთან ერთად, ფესტივალს მისი ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს.