ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ერთ-ერთ ვერსიად სარემონტო სამუშაოების დროს საყრდენი კედლის დაზიანება განიხილება
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ერთ-ერთ ვერსიად სარემონტო სამუშაოების დროს საყრდენი კედლის დაზიანება განიხილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია, რათა დადგინდეს, კონკრეტულად რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა.
„წინასწარი ინფორმაციით, იყო რამდენიმე ვერსია, გაზის ვერსიაც განიხილებოდა. ჩვენი ინფორმაციით, ქვემოთ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, მესაკუთრე აკეთებდა. შეიძლება, ეს იყოს მიზეზი საყრდენი კედლის გამოცლის ან კიდევ სხვა მიზეზი. წინასწარ ვერ ვიტყვით. გამოძიება დავიწყეთ და დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. გამოძიება მიდის და თუ დადგინდება, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით. დაკავებული არავინ არის, ხალხი მიყვანილია, გამოკითხვა მიმდინარეობს.
სახლში კეთდებოდა სარემონტო სამუშაოები. მერიაში ნებართვების აღება არ ვიცი, რამდენად საჭიროა სახლში რემონტის გაკეთების დროს. დაშენება არ ხდებოდა. არ ვიცი, შიგნით რას აკეთებდნენ. ახალი დაშენებული არ არის, დაშენებულია წლების წინ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ნგრევა გაზის აფეთქებას არ გამოუწვევია.
„უსწრაფესად მოვიდნენ შესაბამისი სამსახურები. 200 ადამიანზე მეტია, ასევე განსაკუთრებული დეპარტამენტის თანამშრომლები არიან ჩართული, რომლებიც ეხმარებიან მაშველებს. თუმცა ხაზს ვუსვამ – ფიზიკურად 100 და 200 ადამიანი ადგილზე ვერ იმუშავებს. ჩვენ ვთქვით, რომ ნანგრევებში მოყოლილია დაახლოებით 10-დან 15-მდე ადამიანი, ეს არ არის დაზუსტებული, ეს ვიცით გამოკითხვებით და მეზობლების ინფორმაციით, ვინც გარეთ დარჩა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 90 პროცენტი გაზის თემა არ არის, რადგან აფეთქება სხვანაირად ხდება. კამერებიც ნახა პოლიციამ და ჩამონგრევა სხვანაირად ხდება, როგორც ამბობენ სპეციალისტები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი, დამატებითი ძალები მობილიზდება.