ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაკავებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაყურებელს, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე დასასწრებად მივიდა.
დაკავებამ აქციის მონაწილეთა შორის უკმაყოფილება გამოიწვია, მათ ახსნა-განმარტება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მოითხოვეს.
„თუ გინებისთვის ხალხს აპატიმრებთ, ყველანი დაგვაკავეთ“, – მიმართა დეპარტამენტის ხელმძღვანელ კონსტანტინე ანანიაშვილს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვატო ნებურიშვილმა.
კონსტანტინე ანანიაშვილმა აქციის მონაწილეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა.
„ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას მაყურებელს, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ზომები გატარდება“, – უპასუხა აქციის მონაწილეებს ანანიაშვილმა.
კინოთეატრთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. კინოსეანსი 22:00 საათზე იწყება.