ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს
ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე დღეში კი დაემატება კიდევ სამი ავტობუსი.
ახალი ელექტროავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები.
ახალი ავტობუსების სიგრძე 9.5 მეტრია, სადაც 24 დასაჯდომი ადგილია. საერთო ჯამში, ავტობუსი 70-მდე მგზავრზეა გათვლილი.
ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) შეღავათიანი სესხის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდერის საშუალებით განხორციელდა.
დღეიდან ბათუმში განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მაქსიმალური კონტროლია დაწესებული, რათა მძღოლებისა თუ მგზავრების მხრიდან შესრულდეს უსაფრთხოების რეკომენდაციებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.