ბათუმში ხვალ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული კონფერენცია გაიმართება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრებიან.
მისივე განცხადებით, შეკრებილები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ, მათ შორის „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის საკითხსაც.
„როგორც იცით, ხვალ ბათუმში პარტიული კონფერენცია ჩატარდება. მსგავსი კონფერენციები რეგიონების მასშტაბით მიმდინარეობს. ჩვენ აჭარაში ღირსეულად ჩავატარებთ კონფერენციას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ქალაქ თბილისის მერი დაესწრებიან და ერთად ვიმსჯელებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დგას დღის წესრიგში“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის ორგანიზაციას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს.