ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. ახალ ბულვართან მდებარე სასტუმრო „გრანდ გლორიას“ ტექნიკურ დათვალიერებას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო.
„ზაფხულის სეზონისთვის რეგიონს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება 170-მდე სასტუმრო ნომრით. სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს ოთხივე სეზონის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა. აღნიშნულ ობიექტს ჰქონდა შეფერხებები, ჩვენი მხრიდან ინვესტორებთან იყო სწორი კომუნიკაცია, მოხდა მაქსიმალური ხელშეწყობა და ვალდებულებების გადავადება, რამაც შედეგი გამოიღო და დღეს უკვე გვაქვს დასრულებული და წარმატებული პროექტი“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სასტუმრო აზერბაიჯანული ინვესტიციით აშენდა და მშენებლობისთვის 31 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. ამასთან, სასტუმროს მშენებლობა 2012 წელს წელს დაიწყო, თუმცა მისი დასრულება რამდენჯერმე გადავადდა.
რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტების ცნობით, სასტუმრო აზერბაიჯანის პრეზიდენტთან დაახლოებულ ოჯახს ეკუთვნის. კერძოდ, ქვეყნის პირველი ლედის მიჰრიბან ალიევას მეგობარს ზარიფა გამზაევას, რომელიც აზერბაიჯანელი მილიარდერის, ავიაკომპანია AZAL-ის პრეზიდენტის ჯახანგირ ასკეროვის მეუღლეა. ამასთან, ზარიფა გამზაევა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილ არზუ ალიევასთან ერთად Silkway Holding-ში შემავალი ბანკის დამფუძნებელია. მილიარდერის მეუღლე ასევე ფლობს პარფიუმერულ მაღაზიათა უმსხვილეს ქსელს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, ბათუმს უახლოეს პერიოდში კიდევ 27-მდე განთავსების ობიექტი შეემატება, რაც დამატებით დაახლოებით 5 800-მდე საწოლ ადგილს შექმნის რეგიონში.