ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსი ავარიულობის გამო დაიცალა
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის N47-ში მდებარე კორპუსს მცხოვრებლები ტოვებენ.
მათი ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში, პირველ სართულზე დაზიანებული საყრდენი ბოძი და ბზარები რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს და მაშინვე მიმართეს შესაბამის სამსახურებს. მათი თქმით, კორპუსი ძველია, რომელზეც დაშენებულია ერთი სართული და აქვს მიშენებებიც.
კორპუსის ორი სადარბაზოდან მაცხოვრებლები ქირით გადაიყვანეს და მათ ხარჯებს ბათუმის მერია დაფარავს.
მერიაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის პასუხი უახლოეს დღეებში იქნება. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, არის თუ არა კორპუსი ავარიული და რამდენად უსაფრთხოა იქ ცხოვრება.