ბათუმში ინგრიდის კონცერტი გაიმართა
ბათუმში ინგრიდის კონცერტი გაიმართა

ბათუმში ინგრიდის კონცერტი გაიმართა. იტალიელი წარმოშობის ფრანგულენოვანმა მომღერალმა ბათუმის ბულვარში საათნახევრიანი პროგრამა წარმოადგინა. ნაცნობ ჰიტებთან ერთად, შეასრულა ახალი კომპოზიციებიც.

ინგრიდმა ერთი სიმღერა სოფო ხალვაშთან ერთად შეასრულა. სცენაზე პატარა ქართველ მაყურებლებთან ერთად იცეკვა და ბოლო სიმღერა არა სცენაზე, არამედ მაყურებელთა რიგებში იმღერა.

ცნობილი ტანგოს შესრულების დროს ინგრიდთან სცენაზე უხუცესთა ანსამბლ “ბერმუხას” მოცეკვავეები ავიდნენ, რომლებმაც ტანგოს მუსიკაზე აჭარული ცეკვის ილეთები შეასრულეს.

„ძალიან კარგად ვარ, ძალიან მომეწონა ბათუმელი მაყურებელი, განსაკუთრებით მოხუცები, ქართველი მამაკაცები არიან ძალიან ტემპერამენტიანები, ეს იყო შესანიშნავი, მიყვარს ბათუმი“, – განაცხადა კონცერტის ბოლოს ინგრიდმა.

კონცერტი ბათუმის ბულვარის ორგანიზებით გაიმართა.