ბათუმში „გრანდ ბელაჯიოს“ პირველი ჩემპიონატი ჩატარდა. ცხრა ბრძოლიდან ოთხი კიკბოქსინგის წესებით გაიმართა, ხუთი კი – MMA-ის. ადგილობრივი სპორტსმენების გარდა, ბათუმში ჩატარებულ ღონისძიენაში მონაწილეობა ბრაზილიელმა, მაროკოელმა, უკრაინელმა, რუმინელმა, აზერბაიჯანელმა, ბაჰრეინელმა და თურქმა სპორტსმენებმა მიიღეს. ოთხი ქართველიდან სამმა თავისი ბრძოლა მოიგო.
ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ბევრი ცნობილი სპორტსმენი დაესწრო. მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონი მკლავჭიდში ლევან საგინაშვილი და ამერიკელი ბობ სეპი – ვეტერანი მებრძოლი, ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშე, ვეტერანი მოჭიდავე და შერეული ორთაბძოლების ჩემპიონი ჰოლივუდის ათზე მეტ ფილმშია გადაღებული. სხვათა შორის, მან რინგზე ლევან საგინაშვილი გამოიწვია – „ქართველმა ჰალკმა“ ის ხელის გადაწევაში დაამარცხა.
უმედ ახმედოვისა (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და მოჰამედ ბიულჰასას (მაროკო) ორთაბრძოლისას ახმედოვმა უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვა, მაროკოელმა მებრძოლმა მხოლოდ ორი რაუნდი გაძლო, მესამეში კი დამარცხდა.
დავით ალახვერდიევმა (უკრაინა) ირანელ მოწინააღმდეგეს, აფშინ რახიმს ნოკაუტით აჯობა. ქართველმა ამირან ნაჭყებიამ მარკუს კიმპოიერუსთან (გერმანია) გამარჯვებას ორი რაუნდი მოანდომა, ბოლოს კი მეტოქეს ნოკაუტით მოუგო. დავით ლორთქიფანიძემ ირანელ მოწინააღმდეგეს რამდენიმე წამში სძლია.
რასულ მაგომედოვმა (ბაჰრეინი) ბუგრაჯან ალფარსლანს (ირანი) აჯობა, ხოლო მაიკბეკ სულუმოვმა (საქართველო) იუსიფ გასიმოვი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.