ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სოციალურად დაუცველები, ასევე უსახლკაროები არიან და მთავრობისგან საცხოვრებლის მიღებას მოითხოვენ.
ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ გოგოლის ქუჩაზე თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის საკუთრებაში არსებული უკანონოდ აშენებული კორპუსების დემონტაჟი იგეგმება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ დასახელებული შენობები არ დაანგრიონ და იქ უსახლკაროები შეასახლონ.
„ამბობენ, უკანონოდ აშენდა და დემონტაჟი იგეგმებაო. რომ არ დაანგრიონ, შეგვიშვან უსახლკაროები, რომლებიც წლებია, ნაქირავებში ვცხოვრობთ. მოვედით, რომ მთვრობამ ან საცხოვრებელი მოგვცეს, ან აქ შეგვიშვას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ტერიტორიას პოლიციის კორდონი იცავს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კორპუსებში შეჭრას არ აპირებენ.
ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანია „მეტრო სითს“ ეკუთვნის. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, რის გამოც კომპანია 39-ჯერ დაჯარიმდა, თუმცა პროცესი მაინც არ შეწყვეტილა.