თბილისში, შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის რამდენიმე ორგანიზატორი ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“, საერთაშორისო ფორუმის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავს. აქციაში მონაწილეობს ადგილობრივი აქტივისტები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. აქციაზე იმყოფებიან ასევე ბავშვები.
„რუსეთი ოკუპანტია“, „გახარია წადი“, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აქციის მონაწილეები სასტუმროს ორივე მხარეს დგანან და საყვირებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას.
„აქ იმყოფებიან ევროპიდან ძალიან მნიშვნელოვანი პირები. ამ ფორმით გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას უფრო ახლოს, რათა გიორგი გახარია გადადგეს. ჩვენ ჩამოვედით ბათუმში ევროკავშირისა და ამერიკის დროშებით. ვგმობთ ოკუპაციას და რუსეთის ქმედებებს. უნდა გადადგეს გახარია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ზუკა ბერძენიშვილმა.