ბათუმში გასული წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ბათუმში, გასული წლის 8 ოქტომბერს 26 მაისს ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
ბინის მეპატრონეს, ზაურ ბუდაგოვს ოთხი წლით, ხოლო მამა-შვილს, ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
„სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია უკანონო მშენებლობებმა. კორპუსზე ნახავდით მიშენებულ აივნებს, გადაკეთებულ ბინებს, მაგალითად, ერთოთახიანს გადაკეთებულს ოროთახიან ბინად და ასე შემდეგ. ექსპერტიზის დასკვნას არ ვეთანხმებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიღებულ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ“, – განაცხადა ბინის მეპატრონის ადვოკატმა რამინ პაპიძემ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 2021 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალდება წარუდგინა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სახლის ჩამონგრევა ბინის რეკონსტრუქციის დროს საყრდენი კედლების გამოცლამ გამოიწვია.