ბათუმში გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი მკაცრდება. პირველი ივლისიდან შემაწუხებელი ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბათუმის მერიის სანიტარული ზედამხედველობის სამსახური დააჯარიმებს. დღემდე ეს უფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციას ჰქონდა.
სიახლის გასაცნობად ბათუმის მერიაში დღეს სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები მიიწვიეს. შეხვედრაზე მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.
„ბათუმელებს ხშირად აქვთ პრეტენზიები, რომ ქალაქში ღამით ხმაურია. ხშირია მომართვიანობა გვიან ფოირევერკების ხმაზე, მუსიკასა და ზოგად ხმაურზე. გვთხოვენ, რეაგირება მოვახდინოთ და აღვკვეთოთ“, – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.
ბათუმის მერიის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ნუგზარ ცეცხლაძის განცხადებით, ხმაურის დონეს მათი თანამშრომლები სპეციალური აპარატურით შეამოწმებენ.
„ირღვევა თუ არა კანონით განსაზღვრული ნორმები, ამას ჩვენი თანამშრომლები სპეციალური ხმაურმზომი აპარატით შეამოწმებენ. ყველა შეტყობინებაზე იქნება დროული რეაგირება“, – განაცხადა ნუგზარ ცეცხლაძემ.
გადაჭარბებული ხმაურისთვის დაჯარიმების უფლება ადგილობრივ თვითმმართველობებს მთავრობის დადგენილებით გასულ წელს მიენიჭა.