ბათუმში ფესტივალი „ფოლკლორის დღეები“ დასრულდა, რომელიც Check in Georgia-ს ფარგლებში მიმდინარეობდა.
ფესტივალი ანსამბლ „ბერმუხას“ უხუცესი მოცეკვავეების კონცერტით დაიხურა. ძლიერი წვიმის მიუხედავად, „ანბანის კოშკთან“ კონცერტს ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც დაესწრნენ. 25 კონცერტი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სწორედ ტურისტებზე იყო გათვლილი.
„ეს იყო მნიშვნელოვანი პროექტი – კონცერტები ტურისტულ სეზონზე. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 40 კოლექტივი მონაწილეობდა და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი პოპულარული კონცერტები ბათუმში წელს არ ყოფილა. უამრავი ტურისტი ესწრებოდა და ეცნობოდა ჩვენს კულტურას“-განაცხადა აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა.
ფოლკლორის ფესტივალი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.