ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქში თვითნებურად შესახლებულმა პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
დასახლებაში ამბობენ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამავე ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებში შესაძლოა, სხვა პირები შეასახლონ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეიქმნას კომისია და დადგინდეს, მშენებლობის პირველ ეტაპზე ვინ მიიღებს ბინებს.
ე.წ. მუყაოს ქალაქის მცხოვრებლები უკმაყოფილონი არიან იმითაც, რომ ელექტროენერგიის გადასახადზე პანდემიის დროს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა არ შეეხო.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორპუსებში შესაძლოა, არა თვითნებურად დასახლებულები, არამედ სხვა ოჯახებიც უნდა შეასახლონ. შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს, ვინ მიიღებს ბინებს, ასევე განგვიმარტონ, რატომ არ შეგვეხო ელექტროენერგიაზე სუბსიდირების პროგრამა“, – ამბობს აქციის მონაწილე მარია ბერიძე.
აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე პასუხობს. მან კორპუსებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.
„იქ მყოფმა ყველა ოჯახმა იცის, რომ პანდემიის მიუხედავად, კორპუსების მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ისიც იციან, რომ რეგისტრაცია მხოლოდ მათ აქვთ გავლილი და ბინები მხოლოდ მათთვის შენდება. გვქონდა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან კრიტერიუმების თაობაზე და სულ მალე დავიწყებთ პრაქტიკულ ქმედებებს. საკვირველია, საიდან ვრცელდება ეს ჭორები. რაც შეეხება ელექტროენერგიის სუბსიდირებას, მოგეხსენებათ იქ გამრიცხველიანება არ არსებობს, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ პროგრამა არ შეეხოთ, მაგრამ ჩვენ ნაწილობრივ მაინც დავეხმარეთ და კიდევ ვეძებთ გზებს, რომ ამ მიმართულებით ისევ დავეხმაროთ ამ ხალხს“, – განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.
ე.წ. მუყაოს ქალაქში თვითნებურად დასახლებულებისთვის კორპუსების მშენებლობა წელს დაიწყო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ბინით 582 ოჯახი დაკმაყოფილდება, თუმცა პროექტი გაგრძელდება, სანამ რეგისტრირებული 1600-ზე მეტი ოჯახიდან საცხოვრებელს ყველა არ მიიღებს.