ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილმა მფლობელებმა მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო ქცია გამართეს
აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ძმებმა ანანიძეებმა გამართეს, რომლებიც ქალაქის ცენტრალური ბაზრობის, ე.წ. ხოფის ბაზრობის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.
ძმები ანანიძეების თქმით, წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს მათ მიერ დაარსებული ბაზრობა მუქარით წაართვეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, უშედეგოდ ცდილობენ მის დაბრუნებას. ანანიძეები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ.
„2009 წელს დამიბარეს პროკურატურაში და მითხრეს, რომ ჩვენს მიერ, ჩვენი ხელით ცარიელ მიწაზე დაფუძნებული ბაზრობა სახელმწიფოსთვის უნდა გვეჩუქებინა, რაზეც უარი ვთქვი. დამიჭირეს და ცხრა წელი მომისაჯეს, ბოლოს მუქარით მომაწერინეს ხელი და ბაზრობა გადავეცი სახელმწიფოს. ფაქტობრივად მოკვლით დამემუქრნენ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვდაობთ, მაგრამ შედეგი არ გვაქვს, ამიტომ ვითხოვთ, მთავრობამ აღგვიდგინოს საკუთრება“, – განაცხადა ილია ანანიძემ.
ძმები ანანიძეები ამბობენ, რომ აქციებს კონკრეტული პასუხის მიღებამდე გააგრძელებენ.