ბათუმში ჟურნალისტებმა ხელვაჩაურის მერის მხრიდან „ბათუმელების“ კორესპონდენტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს
ბათუმში, ევროპის მოედანზე ჟურნალისტებმა ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან „ბათუმელების“ კორესპონდენტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს. აქციაზე ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდნენ „ევროპული საქართველოს“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.
„ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ გადაადგილდება მერი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის კუთვნილი ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. მერმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, შემდეგ კი, გინებაზე გადავიდა. მან ზუსტად იცოდა, რომ ესაუბრებოდა ჟურნალისტს. საჭიროდ ჩავთვალეთ, გამოგვექვეყნებინა ჩანაწერის ფრაგმენტი, რადგან, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ“, – აცხადებს „ბათუმელების“ მმართველი რედაქტორი ნანა კვაჭაძე.
ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ გამომცემლობა „ბათუმელების“ ჟურნალისტს სატელეფონო საუბრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა გუშინ მიაყენა და დაემუქრა. ჯუმბერ ვარდმანიძე ფაქტს ადასტურებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ნანობს საკუთარ საქციელს. „ჩემი გაღიზიანება გამოიწვია არასწორმა და ღირსების შემლახველმა ინფორმაციამ, რომელიც ვრცელდებოდა ჩემ შესახებ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვიზიარებ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს მომხდარის გამო“, – წერს ჯუმბერ ვარდმანიძე.