ბათუმში დღეს ტურისტული სეზონი მაშველებმა გახსნეს. ბათუმის სანაპიროზე წელს 250 მაშველი იმუშავებს, მათ შორის 20 გოგონა.
გასული წლის ყველაზე წარმატებული მაშველები მანუჩარ წულუკიძე, იგორ აზნაურიშვილი და ანრი ნემსაძე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დააჯილდოვეს.
„13 წელია, მაშველი ვარ, მიწევს ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობაც, გასულ წელს 40 ადამიანი გადავარჩინე, მომწონს ჩემი საქმე და ვემსახურები საქართველოს“, – განაცხადა მანუჩარ წულუკიძე.
მაშველებმა დღეს გადარჩენის სხვადასხვა ტიპის სიმულაციებიც წარადგინეს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, წელს დაინერგა ტექნოლოგიური სიახლე, რომლის ფარგლებში მაშველებთან ერთად გადარჩენის ოპერაციაში დრონიც ჩაერთვება. მასზე დამაგრებულია მაშველი რგოლი, დრონი ზუსტად განსაზღვრავს გადასარჩენი პირის ადგილმდებარეობასა და მას მაშველ რგოლს ჩაუგდებს.
„წელს ოთხი ასეთი დრონი იმუშავებს სანაპიროზე, სამომავლოდ კი რამდენიმე ათეულის შეძენაა დაგეგმილი, იგი მაშველებს დაეხმარება არა მარტო ზღვაზე, არამედ მთაში და სხვა ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.
დღესვე, ბათუმში ტრადიციული ფესტივალი „ზაფხული იწყება აქ“ გაიმართება. ბოლო რამდენიმე წელია, სეზონი სწორედ ამ ფესტივალით იხსნება.