მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში ბათუმში დღეს აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალში 40 ბავშვი მონაწილეობს. ყველა მონაწილეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან მაისურები და ბურთები, ხოლო გუნდს სავარჯიშო ეკიპირება და სათამაშო ბურთები გადაეცათ.
აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალს ფედერაციისა და ვორიორსის ორგანიზებით თბილისი რამდენიმე წელია მასპინძლობს, ხოლო ბათუმში წელს პირველად ჩატარდა. ასევე პირველია პროექტში კომერციული სექტორის ჩართულობაც
„არაერთხელ გვითქვამს რომ ფეხბურთი ეკუთვნის ყველას განურჩევლად, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის, როგორ თამაშობს და რა მიზნები აქვს. ფეხბურთი იქცა ამ ბავშვების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და სწორედ ესაა სპორტის ამ სახეობის მთელი ხიბლი. ესაა ჩვენი მიზანი და მთავარი პრიორიტეტი – ყველას მივცეთ საშუალება, ისიამოვნონ ფეხბურთით. ამიტომაცაა, რომ ჯილდო, რომელიც მოყვარულთა ლიგის პროექტის კონცეფციისთვის ავიღეთ, გვეკუთვნის ყველას, რადგან ფეხბურთის მასობრიობა არის ამოსავალი წერტილი ჩვენი წარმატებისთვის”, – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო გუნდი „ვორიორსი“ უკვე სამი წელია, რაც ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის ხუთ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, გორში, თელავსა და რუსთავში 6-15 წლამდე ასაკის აუტიზმის მქონე ბავშვებს ყველანაირ პირობას უქმნის იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი. ქალაქ ბათუმში გუნდი უკვე ორი წელია ჩამოყალიბდა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის აქტიური ჩართულობით, რეგულარულ ვარჯიშებს მართავს.
პროექტის არეალის გაფართოებისა და მეტი ბავშვისათვის ჩართულობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით უკვე ჩატარდა კვლევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და სამომავლოდ კიდევ რამდენიმე ქალაქში გამოიკვეთა მსგავსი ტიპის გუნდების ჩამოყალიბების პოტენციალი, მათ შორის: ქუთაისში, ზუგდიდში, ზესტაფონსა და ახალციხეში.