„ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ – ბათუმში, პიაცას მოედანზე დღეს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე დასაქმების ფორუმი გაიმართება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20-ზე მეტი კომპანია სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები ძირითადად სასტუმრო ინდუსტრიის სფეროდანაა.
„დასაქმების ფორუმის მიზანია აჭარის ა/რ მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს, დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში, მოქალაქეები მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს.
ღონისძიების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, მიმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს https://www.facebook.com/worknet.gov.ge ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1505“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დასაქმების ფორუმს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან ერთად გამართავს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმში დასაქმების ფორუმი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.