ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მას კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„შემოყვანისას ახალგაზრდა მამაკაცს ბარძაყის არეში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა და დაზიანებული ჰქონდა მაგისტრალური სისხლძარღვები. ოპერაციის შემდეგ ის გადაყვანილია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,”- აცხადებს ექიმი ივერი ცინარიძე.

შემთხვევა დღეს ფრიდო ხალვაშის გამზირზე მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცის დაჭრის შესახებ შეტყობინება პოლიციაში არ შესულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გამოძიება დამოუკიდებლად მას შემდეგ დაიწყეს, როცა ხელვაჩაურში ნატყვიარი ავტომანქანა აღმოაჩინეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, არის თუ არა კავშირი ამ ორ ფაქტს შორის, გამოძიება დაადგენს.

გამოძიება ორი მუხლით აღიძრა: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს და ამავე კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი რამდენიმე პირს შორის მოხდა. ავტომანქანის მძღოლი ნაპოვნი არ არის.