ბათუმში აქცია „ნუ ჩააბეტონებ ბათუმს“ გაიმართა
ბათუმში აქცია „ნუ ჩააბეტონებ ბათუმს“ გაიმართა

ნუ ჩააბეტონებ ბათუმს -ბათუმში, ევროპის მოედანზე ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორის  და საზოგადოების წარმომადგენლები ბათუმში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ისტორიული ბათუმის ტერიტორიის განმსაზღვრელი დოკუმენტის დაუყოვნებლივ დამტკიცებასა და სამშენებლო რეგულაციების დაწესებას ითხოვენ.

„საკრებულომ აუცილებლად უნდა დაამტკიცოს დოკუმენტი, რომელიც კომპანია „ჯეო გრაფიკმა” შეიმუშავა და რომლითაც განისაზღვრა ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონა. ქაოტური მშენებლობები ბათუმისთვის დიდი ხნის პრობლემაა, მაგრამ ბოლო წვეთი იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება ბათუმის რივიერის ფარგლებში სანაპიროზე ცათამბჯენების, ასევე დელფინარიუმთან და მწვანე კონცხზე დაგეგმილი მშენებლობები. ამას ვაპროტესტებთ”,- განაცხადა საზოგადოება „ბათომის” ხელმძღვანელმა, შოთა გუჯაბიძემ.

„ჩვენ არ ვართ ინვესტიციების, მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ისტორიული ბათუმის გაქრობის ხარჯზე”,- ამბობს აქციის მონაწილე ქეთი დუმბაძე

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ოთხპუნქტიანი მოთხოვნა გაუგზავნეს და პრობლემის გადაჭრისთვის ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად ერთკვირიანი ვადა მისცეს.