ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი უკვე მეოთხედ გადაიდო
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი უკვე მეოთხედ გადაიდო, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ რამდენიმე საათით შესვენება გამოაცხადა და ბათუმის მერიის წარმომადგენელს მოუწოდა, გაარკვიოს საბოლოოდ არის თუ არა მზად მერია მუსლიმ თემთან მოლაპარაკებისთვის.
„სასამართლოს რამდენჯერმე გადადების მოტივაცია ის იყო, რომ მუსლიმ თემსა და მერიის წარმომადგენლებს შორის მომხდარიყო მოლაპარაკება, დღეს ვერ მოვისმინე მიზეზები, რატომ არ შედგა შეხვედრა, მერიას უნდა მიეწვია მუსლიმი თემის წარმომადგენლები, ან თავად მისულიყო მათთან. როგორც ვხედავ, შედეგი არ დადგა, ამიტომ სასამართლო გამოაცხადებს შესვენებას, შეგიძლიათ ჰკითხოთ თქვენს მარწმუნებელს, ბოლოს და ბოლოს არის თუ არა შეხვედრისთვის მზად და მოგვახსენოთ“, -მიმართა მერიის წარმომადგენელს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.
მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ სურთ მოლაპარაკება, თუმცა რატომ არ შედგა აქამდე შეხვედრა მუსლიმ თემთან, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
მოლაპარაკების მომხრეა მუსლიმი თემიც, თუმცა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ მერიაში საკითხის გადაწყვეტის ნება არ არსებობს.
„ჩვენ ვფიქრობდით, რომ აღნიშნული თემის მოგვარება ბათუმის მერიას არ შეუძლია. ის არის უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელსაც ევალება გასცეს სამართლებრივად ნებართვა, მაგრამ აღნიშნულ საკითხს ცენტრალური მთავრობა აგვარებს. ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ აღნიშნული საკითხი მოაგვაროს და ამიტომ პროცესი ჭიანურდება“,- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
2017 წელს მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველ ეტაპზე მერიის მხრიდან უარი გაასაჩივრა. საქმის განხილვა ორი წელია მიმდინარეობს. პროცესი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაგრძელდება.