ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ახალგაზრდული ფორუმი „ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ მიმდინარეობს. ღონისძიება ბათუმის მერიისა და სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით ტარდება.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახი კალაძემ.
ფორუმში 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოების ახალგაზრდა წევრები და სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტები მონაწილეობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასა და თბილისის მერს კახა კალაძეს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები საპროტესტო შინაარსის ტრანსფარანტებით დახვდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლების წევრებთან შეკითხვები 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
„ჩვენ გვახსოვს 20 ივნისის ღამე. გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყოს, მან ახალგაზარდებს თვალები დათხარა. ბათუმში ყოფნისას ჩვენ დავხვდებით იქ, სადაც მივა გიორგი გახარია.
ვიბრძვით გამარჯვებამდე და არ დავუშვებთ, გაგრძელდეს მისი პოლიტიკური მოღვაწეობა“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა, ხათუნა ბერიძემ.