ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება
ბათუმში, 11 ივლისს სასტუმრო „ჰილტონში,“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, რომელსაც 10.30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის.
ღონისძიება ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის საკითხებზე იმსჯელებენ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი საინვესტიციო ფორუმი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად იმართება.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ პირველად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში შეიქმნა საინვესტიციო პროექტების კატალოგი, რომელიც კონკრეტულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს საერთაშორისო კომპანიებს. შესაბამისად, ფორუმის მიზანია მოიზიდოს მეტი ევროპული ინვესტიცია საქართველოსა და სხვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას. დარწმუნებული ვართ, ფორუმი საქართველოში როგორც ევროკავშირის ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, საქართველო კიდევ ერთხელ ფიქსირდება, როგორც ევროპული თანამეგობრობის აქტიური, სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, მსგავსი მაღალი რანგის ფორუმის და რანგის სტუმრების საქართველოში ვიზიტი კი ადასტურებს, რომ ის საინტერესო და პერსპექტიული ქვეყანაა ევროპული ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
ამასთან, უწყება ხაზს უსვამს, რომ ამ მასშტაბის ღონისძიების ჩატარებით იზრდება ქვეყნის იმიჯი, საქართველო კიდევ ერთხელ ფიქსირდება, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.
„ასეთი მაღალი რანგის, წარმომადგენლობითი ფორუმები ხელს უწყობს საქართველოს რეგიონულ ლიდერ ქვეყნად ჩამოყალიბებას; ამ ტიპის ფორუმები კარგი საერთაშორისო ტრიბუნაა ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის საპრეზენტაციოდ“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.