ბათუმში აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბათუმში აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე,  ერთ-ერთი აფთიაქიდან ფარმაცევტს დანის მუქარით ყაჩაღურად გასტაცა 340 ლარი და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.ლ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და აფთიაქიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.