ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია განახლდა. მოქალაქეების ჯგუფი, რომლებიც სამორინეებში, რესტორნებში, ასევე თურქეთში დროებით იყვნენ დასაქმებულები, კვლავ მოითხოვენ საბანკო ვალდებულებების გადავადებას, პროცენტის შემცირებას, კომპენსაციების გაზრდას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას.
ამასთან, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, აჭარის მთავრობის შენობასთან შვიდი ადამიანი შიმშილობს.
აქციის მონაწილეებს დღეს დილით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე შეხვდა და მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან განაცხადა, მთავრობა მზად არის, აქციის მონაწილეთა ჯგუფებს ინდივიდუალურად შეხვდეს და არსებული რესურსის ფარგლებში, მათი მოთხოვნები შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოს. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები მთავრობის შენობაში შესვლას არ აპირებენ. ისინი ითხოვენ, თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებს გარეთ შეხვდეს და ისაუბროს კონკრეტულ გზებზე, როგორ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.