ბათუმში 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა. დღეს ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს.
საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამი პირი, ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალდება წარუდგინა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია.
დანგრეული საცხოვრებელი სახლის ადგილზე დაზარალებულთათვის ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.