ბათუმში, 16-23 სექტემბერს საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება
ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება. ინფორმაციას კინოცენტრი ავრცელებს.
კინოფესტივალის მენეჯმენტმა 2018 წლის პროგრამისთვის ფილმების მიღება დაასრულა, BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა პირველ სექტემბერს გამოცხადდება.
აგვისტოს შუა რიცხვებიდან პერიოდულად დაანონსდება ფესტივალის სხვადასხვა სექციების მონაწილე ფილმების სია.
კინოფესტივალი 16 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე ქართული კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილია ქართული კინოკლასიკის უხმო ფილმის, „ჩემი ბებია” (რეჟისორი – კოტე მიქაბერიძე) ჩვენება, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი.
გახსნის ცერემონიაზე ასევე დაგეგმილია ქართველი კინოოპერატორის, ლომერ ახვლედიანის დაჯილდოება BIAFF-ის სპეციალური პრიზით კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.