ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსზე უფასო ტესტირებით 214-მა პირმა ისარგებლა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „პისიარ“ კვლევის ყველა შედეგი უარყოფითია.
21 აგვისტოდან ბათუმის ბულვარში ორ ლოკაციაზე და ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოსახლეობას კორონავირუსზე უფასო ტესტირება უტარდება.
ასევე აქტიურად მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის ტესტირება. კორონავირუსზე კვლევა უკვე ჩაუტარდა აღნიშნული დაწესებულებების 157 თანამშრომელს. პასუხები ამ შემთხვევაშიც უარყოფითია.
აჭარაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.