ბათუმის ბულვარში კორონავირუსის უფასო ტესტირებისთვის კარავი უკვე გაიშალა და სპეციალისტებმა პირველი ნიმუშებიც აიღეს. პასუხები ანალიზების ჩაბარებიდან 24 საათში გახდება ცნობილი.
საკურორტო სეზონზე აჭარის სანაპიროზე ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, კორონავირუსზე „პისიარ“ გამოკვლევა ჩაიტაროს. ბათუმის ძველი ბულვარის პარალელურად, ანალოგიური კარავი დაიდგა ახალ ბულვარსა და ქობულეთის პარკშიც.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ტესტირება სრულიად უფასო იქნება და კარვების მოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება ტურისტული ნაკადის ხანგრძლივობაზე.
„დღეს ტექნიკურად გაიმართება კარვები და მასში განთავსდებიან ბრიგადები, ხვალიდან კი, ისინი ინტენსიურ საქმიანობას დაიწყებენ. კარვები 17:00-დან 22:00 საათამდე გამოიკვლევენ მსურველებს, თუმცა დროის მონაკვეთი საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.