ბათუმის ზოოპარკში ცხოველების ნაწილი ექინოკოკით არის დაავადებული. სამი თვის წინ დაღუპულ კატისებრ ლემურს ლაბორატორიული კვლევების შედეგად სწორედ ეს დაავადება აღმოაჩნდა. ლაბორატორიული დასკვნები ზოოპარკში ჩეხეთიდან და მოსკოვიდან მიიღეს.
ამჟამად ზოოპარკი დამთვალიერებლისთვის დაკეტილი არ არის. ზოოპარკის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ საშიშროება დამთვალიერებელს არ ემუქრება, რადგან დაავადებული ცხოველები იზოლირებული არიან ზამთრის ვოლიერებში და ადამიანებთან კონტაქტი არა აქვთ. თანამშრომლები კი მათთან სპეციალური აღჭურვილობითა და სანიტარული წესების დაცვით ურთიერთობენ.
ექინოკოკი პარაზიტოლოგიური დაავადებაა, ცხოველთან კონტაქტის შემთხვევაში იგი შეიძლება ადამიანზეც გადავიდეს და წლების შემდეგ გამოვლინდეს.
2013 წლიდან ბათუმის ზოოპარკში 30-მდე ცხოველი დაიღუპა. სპეციალისტების დასკვნით, ეს არასათანადო პირობებმა გამოიწვია. ამ ფაქტს მაისში ზოოპარკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ამირან მურვანიძის სამსახურიდან გათავისუფლებაც მოჰყვა, რომელთანაც სამართლებრივი დავა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ზოოპარკის დირექციის განცხადებით, ამ დროისთვის ყველა შენიშვნის გამოსწორებაზე მუშაობა მიმდინარეობს, ვიზიტორებისთვის კი ზოოპარკი საშიში არ არის.