ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი შესაძლოა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი შესაძლოა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს. საპატიმრო შესაძლოა კიდევ ორმა დაკავებულმა, აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, არჩილ ვანაძემ და ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გოგა ლომაძემ, დატოვოს.
დღევანდელ მორიგ სასამართლო სხდომაზე მათ პირობა დადეს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს მთლიანად აანაზღაურებენ. პროკურატურა მათ 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება.
გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით მოსამართლე დავით მამისეიშვილს დაკავებულთა ადვოკატებმა მიმართეს. მათი თქმით, თითოეული დაკავებული გირაოს სახით 100 ათას ლარს გადაიხდის და ყველა ერთად, დამატებით 400 ათასი ლარის ღირებულების უძრავ ქონებას დააგირავებს.
პროკურატურამ შუამდგომლობაში მითითებული მასალების გაცნობისთვის დრო მოითხოვა, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტების გაცნობა რამდენიმე საათშია შესაძლებელი და შესვენების გამოცხადება მოითხოვეს. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დამატებითი საგარანტიო დოკუმენტაციის წარდგენაც მოითხოვა და საქმის განხილვა მოწმის ჩვენებით გააგრძელა, თუმცა არ გამორიცხა, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღესვე მიიღოს შუამდგომლობასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გადაწყვეტილება სამშაბათს გამოცხადდება.
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი მაღალჩინოსანი 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს, რომელიც ვერ განხორციელდა. პროკურატურა მათ 13 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება.
მერიის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ წინა სხდომაზე გაათავისუფლა.