„ბათუმის წყლის" ინფორმაციით, არდაგანის ტბაში სანიაღვრე სისტემიდან უცხო სითხის შედინება დაფიქსირდა
ბათუმშის ახალ ბულვარში მდებარე არდაგანის ტბაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შპს „ბათუმის წყლის” ინფორმაციით, ტბაში სანიაღვრე სისტემის მეშვეობით უცხო სითხე დაფიქსირდა.
„ბათუმის წყალი“ აღნიშულთან დაკავშირებით საქართველოში შვედეთის ელჩის, ულრიკ ტიდესტრომის ინფორმაციას გამოეხმაურა. „მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია. თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი”, – დაწერა ელჩმა ტვიტერზე და ფოტოებიც გამოაქვეყნა.
მოცეკვავე შადრევანი ბათუმშის ახალ ბულვარში მდებარე არდაგანის ტბაშია განთავსებული.
შპს „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ ტბაში გაურკვეველი სითხე ჩაიღვარა და გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოში შვედეთის ელჩის, ულრიკ ტიდესტორმის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ფოტოებს. 26 აპრილს დილის საათებში არდაგანის ტბაზე დაფიქსირდა ტბაში ბლანტი, უცხო სითხის შემოდინება სანიაღვრე სისტემის მეშვეობით. ფაქტის დაფიქსირებისთანავე, ადგილზე მობილიზდა შპს „ბათუმის წყალის“ სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ქალაქის სანიაღვრე სისტემებიდან, სანიაღვრე წყლების შეკრება არდაგანის ტბაში ხდება. სანიაღვრე წყლები ხშირად დაბინძურებულია ნარჩენებით, რაც საბოლოო ჯამში, თავს იყრის ტბაში“, – ნათქვამია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, არ ჩაყარონ ნაგავი სანიაღვრე ცხაურსა და არხებში.