საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი - ინფორმაცია ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კრიმინალის გაზრდილი სტატისტიკის შესახებ, რუსული პროპაგანდის შედეგია
ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კრიმინალური შემთხვევების გაზრდილი სტატისტიკის შესახებ, რუსული პროპაგანდის შედეგია, -ეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
„კამპანიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს ღიად ვესაუბრებით უვიზო მიმოსვლის პროცესში არსებულ რისკებზე, რომელიც მათი მხრიდან წესების დარღვევის შემთხვევაში არის მოსალოდნელი. ბოლო პერიოდში დღის წესრიგში აღარ დგას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კრიმინალის ჩადენის ზრდის შემთხვევები. ეს მაჩვენებელი არც წინათ იყო ძალიან მაღალი და ციფრებით მანიპულირება რუსული პროპაგანდის ნაწილია”,-განაცხადა გიორგი ტაბატაძემ
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტებს უვიზო მიმოსვლის პროცესში არსებული შედეგები და სტატისტიკური მონაცემები გააცნეს. საუბარი შეეხო აგრეთვე იმ რისკებსა და საფრთხეებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.
საინფორმაციო კამპანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.
კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო. გასულ წელს კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში 160 შეხვედრა გაიმართა.