ბათუმის თოჯინების თეატრში სპექტაკლის „თოვლია“ პრემიერა 10 და 11 მარტს გაიმართება
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „თოვლია”- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა დავით მაცხონაშვილმა რიუნოსკე აკუტაგავას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით დადგა.
ინსცენირების ავტორები დავით მაცხონაშვილი და ქეთევან სამხარაძე არიან; სპექტაკლის მხატვარი – გიორგი გოგიტიძე, ხოლო კომპოზიტორი შალვა მაცხონაშვილია. თეატრის ექვსი მსახიობი, შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალი სპექტაკლზე ორი თვე მუშაობდა.
წარმოდგენა გასართობი და შემეცნებითი ხასიათისაა. თოჯინები მეგობრობაზე, მეგობრისთვის თავგანწირვაზე ისაუბრებენ და უანგაროდ ჩადენილი გმირობის მაგალითებს უჩვენებენ მაყურებლს. ფერად, შთამბეჭდავ, ფათერაკებით სავსე თავგადასავალში პატარები თოჯინებთან ერთად იმოგზაურებენ.
სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებები 10 და 11 მარტს გაიმართება.