ბათუმის სპორტის სასახლეში ქართველი და უკრაინელი ბავშვების მონაწილეობით სპორტული ფესტივალი გაიხსნა
ბათუმის სპორტის სასახლეში ქართველი და უკრაინელი ბავშვების მონაწილეობით სპორტული ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში სპორტული ფესტივალი გახსნა.

შეჯიბრში მონაწილეობა უკრაინელმა და ქართველმა მოსწავლეებმა მიიღეს.

ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს სასკოლო სპორტული ფესტივალის ორგანიზებისთვის და ღონისძიების მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

„მთელი გულით გისურვებთ მშვიდობას უკრაინაში. როგორც ყველამ იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები გაიხსნა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს სკოლებში უკრაინელი მოსწავლეები გამარტივებული წესით ირიცხებიან. დღეს უკვე საქართველოს სკოლებში 1 000-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე სწავლობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ისევე როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ უკრაინელმა მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიან განათლება.

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი ულამაზესი ბათუმი მასპინძლობს ასეთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას – სპორტულ ფესტივალს. დიდი მადლობა აჭარის მთავრობას და პირადად მის თავმჯდომარეს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს მასპინძლობისთვის და ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ეს ძალიან სახალისო ღონისძიებაა და დღევანდელი დღე ხელს შეუწყობს უკრაინელი და ქართველი მოსწავლეების დამეგობრებას. ყველას წარმატებებს გისურვებთ!“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სპორტული ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ფრენბურთში, ხელბურთსა და მხიარულ სტარტებში შეეჯიბრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა ბათუმის მე-3, მე-7, მე-20 საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა „21-ე საუკუნის“ ქართველმა და უკრაინელმა მოსწავლეებმა მიიღეს.

სპორტულ ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მუხრან ვახტანგაძე და სხვა მოწვეული სტუმრები, მათ შორის, უცხოეთში სტაჟირების პროგრამა „ევროოდისეის“ მონაწილე ბელგიელი და იტალიელი ახალგაზრდები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 400-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს სწავლას.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.