ბათუმის სხვადასხვა კლინიკის მედიკოსები ექიმ ეკა ფუტკარაძეს მხარდაჭერას უცხადებენ
ბათუმის სხვადასხვა კლინიკის მედიკოსები მხარდაჭერას უცხადებენ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმს ეკა ფუტკარაძეს, რომელმაც ორი დღის წინ უფლებამოსილება შეიჩერა.
ექიმებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას ექიმების უფლებების დაცვის მოთხოვნით მიმართვა გაუგზავნეს. ექიმები ყველა მედიასაშუალებას, რომელმაც ორი დღის წინ გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლების საპროტესტო აქციები გააშუქეს, ტენდენციურობაში ადანაშაულებენ.
„სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს. ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ მედიის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, ნუ გააკეთებენ დასკვნებს, სანამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, ნუ დაარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ექიმი იძულებული გახდა, ზეწოლის გამო, სამსახურზე უარი ეთქვა და არავინ გამოჩნდა, აეხსნა, რომ ეს ექიმი ექოსკოპისტია და ვერ იქნებოდა დიაგნოზში კომპეტენტური, ასე ექიმები დაუცველად გრძნობენ თავს“, – განაცხადა პროფესორმა რამაზ სურმანიძემ.
კითხვაზე, რას გულისხმობენ ექიმები მედიის ტენდენციურობაში და რომელმა მედიასაშუალებამ გააკეთა დასკვნები, ექიმები ამბობენ, რომ მედიასაშუალებებმა იმ ახლობლების პოზიცია აჩვენეს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე ექიმი ყოველგვარი გამოძიებისა და ექსპერტიზის დასკვნის გარეშე დაადანაშაულეს.
საპროტესტო აქციები გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ორი დღის წინ გამართეს, მათ რეფერალური საავადმყოფოს ექიმი ეკა ფუტკარაძე არასწორი დიაგნოზის დასმაში დაადანაშაულეს. ისინი ექიმების დასჯას ითხოვდნენ. აქცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ექიმმა ეკა ფუტკარაძემ უფლებამოსილება შეიჩერა.