ბათუმის შესასვლელები დილიდან გაიხსნება, თუმცა საკონტროლო გამშვები პუნქტები ისევ დარჩება​
ბათუმის შესასვლელები დილიდან გაიხსნება, თუმცა საკონტროლო გამშვები პუნქტები ისევ დარჩება​

ბათუმის შესასვლელები დილიდან გაიხსნება. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, საკონტროლო გამშვები პუნქტები ქალაქის შესასვლელებში ისევ რჩება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაგრძელდება მგზავრების თერმოსკრინინგი, ასევე ყველა ავტომობილს ჩაუტარდება დეზინფექცია.

ბათუმში ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეზღუდვები რჩება, რომლებიც საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის ფარგლებში ქვეყანაში მოქმედებს.

„დილიდან ბათუმში გადაადგილება შეზღუდვების გარეშე ხდება შესაძლებელი, თუმცა, კომენდანტის საათამდე. ბლოკპოსტები დარჩება თავის ადგილზე, რადგან ქალაქში შემომავალი ადამიანების თერმოსკრინინგი მოხდება. ვფიქრობ, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის წამოწევისთვის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა სამშენებლო კომპანიებზე, ასევე სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებზე მუშაობის ნებართვის გაცემის შესახებ. სამი დღით ადრე მუნიციპალური ზედამხედველობის ინსპექციამ, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ათეულობით სამშენებლო კომპანია შეამოწმა, რამდენად აკმაყოფილებენ ისინი მოთხოვნებს. საუბარია თანამშრომლების ტექნიკურ აღჭურვაზე​. მონიტორინგი გაგრძელდება და მაქსიმალურად შევეცდებით, უზრუნველვყოთ შესაბამისი სამუშაო პირობები. რეგიონში არის პოზიტიური დინამიკა, რაც უკეთეს შედეგამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.